PrivChat

საუბრები ტექნოლოგიების, ადამიანის უფლებებისა და
Tor-პროექტის მიერ მონიჭებული ინტერნეტთავისუფლების ირგვლივ

PrivChat წარმოადგენს ღონისძიებების წყებას სახსრების მოსაზიდად და შემოწირულობის ზრდისთვის Tor-პროექტში. სანაცვლოდ კი PrivChat მოგაწვდით მეტად მნიშვნელოვან ცნობებს, თუ რა სიახლეებია ტექნოლოგიურ სამყაროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტერნეტთავისუფლების კუთხით, მოწვეულ მცოდნე ხალხთან და ჩვენს ერთობასთან გასაუბრებით.


თავი #3 - Tor ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე

სანახავი

Tor-პროექტის მთავარი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა უფასო და ღია წყაროს მქონე, ვინაობისა და პირადი მონაცემების გამჟღავნებისგან ასარიდებელი საშუალებების შექმნითა და გავრცელებით. ხალხი იყენებს ჩვენს ტექნოლოგიას, დასახელებით Tor-ქსელი და Tor-ბრაუზერი, არაერთი სხვადასხვა გზით. Tor გამოიყენება მამხილებლებთა მიერ, რომელთაც ესაჭიროებათ უსაფრთხო გზა ცუდი საქმეების სააშკარაოზე გამოსატანად -- ინფორმაციის, რომლის ცოდნაც გადამწყვეტია საზოგადოებისთვის -- ვინაობის გაუმჟღავნებლად. Tor გამოიყენება მეამბოხეთა მიერ მთელ მსოფლიოში, რომლებიც იბრძვიან ერთპიროვნული მმართველების წინააღმდეგ ადამიანთა უფლებების დასაცავად, არამხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისა და ვინაობის დაფარვისთვის, არამედ ინტერნეტშეზღუდვის ასარიდებლად, მათი ხმა რომ ყველამ გაიგონოს. Tor საშუალებას აძლევს მილიონობით ადამიანს, თავი დაიცვან ინტერნეტში, მიუხედავად იმისა, აღმატებული უფლებების მქონენი არიან თუ არა. მესამე გამოშვების PrivChat შეგახვედრებთ Tor-ის რამდენიმე რიგით მომხმარებელს, რომლებიც გაგიზიარებენ, როგორი მნიშვნელობისაა Tor მათთვის და მათი საქმიანობისთვის ადამიანის უფლებათა დაცვისა თუ თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში.

მასპინძელი

Edward Snowden

პრეზიდენტი, პრესის თავისუფლების ფონდი

ედვარდ სნოუდენი აშშ-ს მოქალაქეა, სადაზვერვო საზოგადოების ყოფილი მუშაკი და მამხილებელი. მასალები, რომლებიც მან გაასაჯაროვა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფანჯარა აღმოჩნდა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა (NSA) და მისი საერთაშორისო დაზვერვის მოკავშირეების მხრიდან მასობრივი თვალთვალის გასაიდუმლებულ პროგრამებსა და შესაძლებლობებში. ამგვარი სახის გამოაშკარავებამ მთელ მსოფლიოში არნახული ყურადღება მიაპყრო პირადი მონაცემების ხელყოფასა და ციფრულ უსაფრთხოებაზე, რაც წინ უძღოდა ამ საკითხის ირგვლივ საერთო განხილვის წამოწყებას.

მონაწილეები

Alison Macrina

დამფუძნებელი, თავისუფლების პროექტის ბიბლიოთეკა

ელისონ მაკრინა ბიბლიოთეკარი და დამფუძნებელია ბიბლიოთეკის თავისუფლების პროექტისა, საერთო საქმით გაერთიანებულ ბიბლიოთეკის მუშაკთა საზოგადოებისა, რომლის საზრუნავიცაა ჩვენი მთავარი ღირებულებები – ინტელექტუალური თავისუფლება და პირადულობის დაცვა რეალურ ცხოვრებაში. მისი საქმიანობა მიმართულია იმის გამორკვევაზე, თუ რა გავლენა აქვს ზედამხედველობას ბიბლიოთეკების საზოგადოებებზე და ბიბლიოთეკარების მუშაობაზე, აგრეთვე, როგორ ზემოქმედებს მიყურადება სოციალური სამართლიანობისა და ინტელექტუალური თავისუფლების სხვა საკითხებზე, ამასთანავე, ტექნოლოგიებში ძალაუფლების გადანაწილებაზე. ელისონსა და ბიბლიოთეკის თავისუფლების პროექტს მიღებული აქვს თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მიერ დაწესებული სოციალური სარგებლის პროექტების ჯილდო, ბიბლიოთეკის ჟურნალის მიერ დაწესებული „მებრძოლთა“ და „გამომფხიზლებელთა“ ჯილდო, ნიუ-იორკის ბიბლიოთეკათა გაერთიანების მიერ დაწესებული ინტელექტუალური თავისუფლების ჯილდო და LITA/ბიბლიოთეკის მაღალი ტექნოლოგიების ჯილდო.

Berhan Taye

აფრიკის პოლიტიკის მმართველი და ინტერნეტის საერთაშორისო ხელმიუწვდომლობის ხელმძღვანელი, Access Now

ბერჰან ტაი (მდედ.) მკვლევარია, რომელიც იკვლევს ტექნოლოგიის, საზოგადოებისა და სოციალური სამართლიანობის ურთიერთმიმართებას. მისი სამუშაო ადგილია Access Now, რომელშიც ხელმძღვანელობს აფრიკის მიმართულებით პოლიტიკასა და საერთაშორისო ინტერნეტის შეზღუდვების საკითხებს. აგრეთვე სათავეში ედგა კამპანიას #KeepItOn, რომელიც საერთაშორისო მოძრაობაა ინტერნეტის შეზღუდვების წინააღმდეგ და მოიცავს 220-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. სანამ Access Now გახდებოდა მისი ძირითადი საქმიანობა, იყო მკვლევარი პროექტში „ტექნოლოგიის გავლენა სოციალურ სამართლიანობაზე“, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა მოხსენება MoreThanCode.cc.

Ramy Raoof

უსაფრთხოების ლაბორატორიის სპეციალისტი, Amnesty International

რემი რაუფი არის ტექნოლოგი და პირადულობის უსაფრთხოების მკვლევარი, მისი ბოლო ნამუშევრები მიმართულია ადამიანის უფლებათა დამცველებისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ მიზანმიმართული ციფრული თავდასხმების კვლევაზე და ციფრული უსაფრთხოების პროტოკოლების შემუშავებაზე ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ამერიკაში მეამბოხეებთან თანამშრომლობით, თვალთვალისა და ცენზურის ასარიდებლად. რემი არის ტაქტიკის შემმუშავებელი „ამნესტი ინტერნეიშენალის“ უსაფრთხოების ლაბორატორიაში და ასევე არის Tor-პროექტის დირექტორთა საბჭოს წევრი. „ამნესტიში“ გაწევრებამდე მუშაობდა უფროსი ტექნოლოგის თანამდებობაზე ეგვიპტურ წამოწყებაში პირადი უფლებების დაცვის საკითხებში (EIPR). რემი 2017 წელს Access-Now-სგან იღებს საერთაშორისო ჯილდოს „ადამიანის უფლებებისა და კავშირგაბმულობის ზედამხედველობის გმირები“, ხოლო 2016 წლის მაისში მიიღო საერთაშორისო Bobs Award - „საუკეთესო ინტერნეტმებრძოლი“, რომელსაც აწესებს Deutsche Welle ციფრული უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვის დარგში მუშაობისთვის. Twitter-ანგარიშია https://twitter.com/RamyRaoof.

თქვენი შეწევნა უზრუნველყოფს გამოშვებათა ამ წყებასა და ჩვენს საქმიანობას Tor-ში.

საუკეთესო გზა ჩვენი საქმიანობის მხარდასაჭერად ყოველთვიური შემწეობის გაღებაა.